вторник, 10 марта 2009 г.

ალავერდი

ალავერდის მონასტერი მდებრეობს ალაზნის ფართო, მწვანე ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ზე.
აქ ჯერ კიდევ VI ს-ში იოსებ ალავერდელს, ერთ-ერთ "ცამეტ მამათაგან", აუგია ეკლესია. XI ს- ის პირველ მეოთხედში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო დიდი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ). იგი ერთ-ერთი უდიდესი ძეგლია საქართველოში, სიმაღლით კი - პირველი (50 მ-ს აღემატება).


ტაძარი გეგმაში წარმოადგენს ცენტრალურ - გუმბათოვან ჯვრული სახის ნაგებობას სამი აფსიდით. გარედან სწორკუთხა, პროპორციული მოხაზულობისაა. შიდა სივრცე გამოირჩევა მხატვრული მთლიანობით, მონუმენტურობით და დახვეწილი პროპორციებით. გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს.
გუმბათს აქვს 16 სარკმელი. ფასადები ძუნწადაა მორთული. XIX ს-ის ბოლოს ტაძარი მთლიანად შეათეთრეს (ისე, როგორც მრავალი სხვა ძეგლი) რუსი მღვდელმთავრების ბრძანებით. 1966 წელს, კედლების გაწმენდის შემდეგ, გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა XI - XVII საუკუნეებისა.

ტაძრის ეზოში მოთავსებულია ეპისკოპოსის მოსასვენებელი, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვა ნაგებობანი. დამხმარე ნაგებობანი XVI - XVIII საუკუნისაა. ეზოს გალავანი შემოარტყეს XVII ს-ში.
ტაძარი ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით. გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია.


ტაძარი გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია.
ეპისკოპატის ჩრდილო - დასავლეთით ერთი ნაგებობაა, რომელიც, როგორც ფიქრობენ, შაჰ-აბასის წარმომადგენლის - ფეიქარ-ხანის სასახლე უნდა ყოფილიყო, რომელსაც დაკავებული ჰქონდა ალავერდი 1615 წელს.

ტაძარი ბევრჯერ დაზარალდა მომხვდურთაგან და მიწისძვრებისაგან. პირველი დიდი რესტავრაცია მას გაუკეთა ალექსანდრე კახთა მეფემ XV ს-ის 80 -იან წლებში, შემდეგ დედოფალმა თამარმა, ბოლოს კი ერეკლე II -მ.
თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII - XVIII სს -ში აქ დედათა მონასტერიც დაარსდა. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ: ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი), მარიამ ბაგრატიონი და სხვ.
ალავერდში იმართებოდა "ალავერდობა", ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება - დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული, მიძღვნილი მისი დამაარსებლის, იოსებ ალავერდელის სახელზე. ზეიმი 14 სექტემბერს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა.

Комментариев нет: